მთავარი

დანტე ალიგიერის საზოგადოება

logo_societa_dante_alighieri_trasparente

,,დანტე ალიგიერის საზოგადოება” (SOCIETA` DANTE ALIGHIERI) წარმოადგენს მსოფლიოში კულტურის სფეროში მოღვაწე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იტალიურ ასოციაციას, რომელსაც დედამიწის ხუთ კონტინენტზე გახსნილი აქვს ე.წ. ,,საზღვარგარეთის კომიტეტები”.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოება” არის არაკომერციული მიზნების მქონე, ნებაყოფლობით საერთაშორისო ასოციაცია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მსოფლიოში იტალიური ენისა და კულტურის გაცნობა, გავრცელება და დაცვა, აგრეთვე როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში დედა სამშობლოსთან სულიერი კავშირების გაღვივება-გამყარება, ისე სხვა ერების წარმომადგენლებში იტალიური ენის, კულტურისა და ცივილიზაციისადმი სიყვარულის დანერგვა.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოება” დაარსდა 1889 წელს იმდროინდელ იტალიაში მოღვაწე ინტელექტუალთა ჯგუფის მიერ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ცნობილი იტალიელი მწერალი, პოეტი და საზოდაგო მოღვაწე ჯოზუე კარდუჩი. სწორედ მისი ინიციატივით ახლად დაარსებულ საზოგადოებას ეწოდა იტალიელი ხალხის უდიდესი მგოსნის, მსოფლიო კულტურის საგანძურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შედევრის -,,ღვთაებრივი კომედიის”- ავტორის, დანტე ალიგიერის სახელი.
დღიდან მისი დაარსებისა ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება” აქტიურად იღწვის იტალიური ენისა და კულტურის დაცვისა და გავრცელებისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ თვალსაზრისით, თავისი ისტორიის მანძილზე განხორციელებული უამრავი ღონისძიებისა და ინიციატივის გარდა, ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ იტალიის ხელისუფლებასთან ერთად ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება” დაუღალავ შრომას ეწევა, რათა ევროსაბჭოს ერთ-ერთ სამუშაო ენად სხვა ენების გვერდით ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს იტალიურმაც.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოება” მჭიდროდ თანამშრომლობს ისეთ სახელოვან ინსტიტუციებთან, როგორებიცაა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ,,Accademia della Crusca”, კასამარკას ფონდი და სხვ. 2009 წელს ზემოხსენებულმა საზოგადოებამ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ისეთ ორ მეტად მნიშვნელოვან ინსტიტუციასთან, როგორებიცაა ბელონჩის ფონდი და გამომცემლობა ALMA EDIZIONE. ბელონჩის ფონდი ყოველწლიურად აწყობს პრესტიჟულ ლიტერატურულ კონკურსს ,,Premio Strega”, რომლის ჟიურის შემადგენლობაში ყოფნის და გამარჯვებული ავტორის გამოვლენისას ხმის მიცემის უფლება აქვს ,,დანტეს” საზოგადოებას. რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ საგამომცემლო სახლს, ამიერიდან ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების” ყველა წევრი განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობს ნებისმიერი სახელმძღვანელოსა და პუბლიკაციის შეძენისას, რომელსაც უკვე რამოდენიმე თვეა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, გამოსცემს კორპორაცია ALMA PLIDA.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების” სათავო ოფისი მდებარეობს იტალიაში, ქ. რომში. საზოგადოების ამჟამინდელი პრეზიდენტი გახლავთ, წოდებით ელჩი, ბატ. ბრუნო ბოტაი.
1893 წლის 18 ივლისის
ONLUS-ის (Organizzazione non lucrativa di utilità sociale) #347 დებულების თანახმად, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების” საქმიანობა გასცდა იტალიის ფარგლებს და მას მიენიჭა არა სამთავრობო-არაკომერციული საერთაშორისო ასოციაციის სტატუსი. ზემოხსენებული საზოგადოების მეტად სასარგებლო და ეფექტურ საქმიანობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ დღეს ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების” 500-მდე კომიტეტი წარმატებით ეწევა იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ზოგიერთი ქვეყნის რამოდენიმე ქალაქში.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოების” საზღვარგარეთის კომიტეტები ფასდაუდებელ შრომას ეწევიან, რათა სხვადასხვა ერისა და კულტურის წარმომადგენლებს საშუალება მიეცეს პირდაპირი გზით ეზიაროს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის ისეთ მნიშვნელოვან ნიმუშებს, რომლებითაც მდიდარია იტალიური ენა, კულტურა,
ხელოვნება, სპორტი, მოდა და სხვა. სწორედ ამ მიზნით, „დანტე ალიგიერის საზოგადოების” საზღვარგარეთის კომიტეტები ამ საზოგადოებაში ნებაყოფლობით გაწევრიანებული ადამიანებისთვის არა მარტო პერიოდულად აწყობენ მრავალი სახის კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, არამედ სთავაზობენ იტალიური ენისა და კულტურის შემსწავლელ კურსებს როგორც ადგილზე, ისე იტალიიის სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში, აგრეთვე მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების და ნებისმიერ სხვა სფეროში მოწყობილ კონფერენციებში, სემინარებში და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება”, საზღვარგარეთის კომიტეტების მეშვეობით, აფუძნებს და სუბსიდირებას უწევს სკოლებს, ბიბლიოთეკებს, იტალიური ენისა და კულტურის კურსებსა და წრეებს, გამოსცემს და ავრცელებს წიგნებსა და სხვადასხვა პუბლიკაციებს, აწყობს კონფერენციებს, საჯარო ლექციებს, ლიტერატურულ კონკურსებს, შემეცნებით ექსკურსიებს, სამხატვრო და სხვა სახის გამოფენებს, თეატრალურ და მუსიკალურ წარმოდგენებს, აგრეთვე ანიჭებს პრემიებს, ფულად და სხვა სახის ჯილდოებს, სასწავლო სტიპენდიებს და სხვ.
აღსანიშნავია ისიც, რომ, წარმოადგენს რა საერთაშორისო კულტურული სახის ასოციაციას, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება” თავისი საზღვარგარეთის კომიტეტების მეშვეობით ეწევა არა მარტო იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას, არამედ ხელს უწყობს მსოფლიოში ამა თუ იმ ერის კულტურისა და ხელოვნების გავრცელებას.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 1993 წელს 04 11. დადებული # 1903 ხელშეკრულების საფუძველზე, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება” გასცემს იტალიური ენის კომპეტენციის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს ,,PLIDA” (Progetto Lingua Italiana Dante Alighieri), რომელიც, გარდა ზემოხსენებული ინსტიტუციისა, ოფიციალურად აღიარებულია რომის ,,ლა საპიენცას” უნივერსიტეტის, იტალიის რესპუბლიკის „შრომის, დასაქმებისა და სოციალური უზრუნვეყოფის“, ასევე „მეცნიერებისა და განათლების“ სამინისტროების მიერ.
თითოეულ საზღვარგარეთის კომიტეტს, საზოგადოების წესდებიდან გამომდინარე, სათავეში უდგას არჩეული პრეზიდენტი და გამგეობა. ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების” წევრად გახდომის უფლება აქვს ნებისმიერი ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური შეხედულების მქონე პირს ან სხვადასხვა ასოციაციის, საზოგადოების, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებას ან მის წარმომადგენელს, აგრეთვე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც საზოგადოებაში სარგებლობს გარკვეული პატივისცემით და ეთანხმება ამ ასოციაციის წესდებით განსაზღვრულ დებულებებს.