გაწევრიანება

დანტე ალიგიერის საზოგადოება გაწევრიანება

ჩვენი საზოგადოების წევრად გახდომის უფლება აქვს ნებისმიერი ეროვნების, რელიგიური კონფესიისა და პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პირს ან სხვადასხვა ასოციაციის/საზოგადოების, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულების წარმომადგენელს, აგრეთვე ნებისმიერ ფიზიკურ  პირს, რომელიც საზოგადოებაში სარგებლობს გარკვეული პატივისცემით და ეთანხმება  ,,დანტე ალიგიერის  საზოგადოების”  წესდებით განსაზღვრულ დებულებებს.
ჩვენს საზოგადოებაში გაწევრიანების შემთხვევაში, წევრს საშუალება ეძლევა უფრო ფართოდ შეაღოს იტალიური სამყაროს კარი: შეისწავლოს იტალიური ენა და ეზიაროს იტალიურ კულტურას.

,,დანტე ალიგიერის საზოგადოების” საწევროს რეგულარულად გადახდის შემთხვევაში, თქვენ სარგებლობთ შემდეგი პრივილეგიებით:

• თქვენს ელექტრონული ფოსტის მისამართზე რეგულარულად მიიღებთ ინფორმაციებს ჩვენი და იტალიელი პარტნიორების საქმიანობასთან  დაკავშირებული სიახლეების შესახებ;
• მიიღებთ  მოწვევებს როგორც ჩვენი საზოგადოების, ისე იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებზე, რომლებსაც დაესწრებით უფასოდ ან შეღავათიან ფასში;
• თუ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული ხართ, მოგიწყობთ პერსონალურ ან ჯგუფურ გამოფენებს, სემინარებს, თეატრალურ წარმოდგენებს, საჯარო ლექციებს და სხვ. გარდა ამისა,  მიგაღებინებთ მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე იტალიაში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებსა და კონგრესებზე.
• მოიპოვებთ  სასწავლო სტიპენდიებს, რათა სწავლა განაგრძოთ იტალიის არა მარტო სხვადასხვა ლინგვისტურ ცენტრში, არამედ წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიური სწავლების მაღალ საფეხურებზეც: მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში;
• მონაწილეობას მიიღებთ გაცვლით პროგრამებში როგორც სწავლის/კვლევის, ისე კულტურული ტურიზმის თვალსაზრისით;
• იტალიაში ყოფნისას ისარგებლოს ,,დანტე ალიგიერის  საზოგადოების” წევრებისათვის განკუთვნილი სპეციალური ფასდაკლებებით (მუზეუმებში, კინო-თეატრებში, ტრანსპორტში, სასტუმროებში, ბარ-რესტორნებში, წიგნების მაღაზიებსა და სხვა მრავალ დაწესებულებაში, რომელთა სიას ყოველწლიურად აქვეყნებს  ,,დანტე ალიგიერის  საზოგადოება” თავის ინტერნეტ გვერდზე: www.ladante.it.

,,დანტე ალიგიერის  საზოგადოების” წევრების მიღება და გარიცხვა ხორციელდება საზღვარგარეთის კომიტეტების მიერ დადგენილი ნორმის მიხედვით.

     ,,დანტე ალიგიერის  საზოგადოების” წევრები ერთმანეთისაგან განირჩევიან შემდეგნაირად:

     1. საპატიო წევრები, რომლებსაც ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების” განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით როგორც მნიშვნელოვანი შენატანის, ისე ჩუქებებისა და სხვა ამგვარი ქმედებების გამო;
     2. მუდმივი წევრები, რომლებიც წელიწადში ერთხელ იხდიან ზემოხსენებული საზოგადოებისთვის გარკვეულ (სოლიდურ) თანხას;
     3. ჩვეულებრივი წევრები, რომლებიც წლის გამნავლობაში იხდიან საზოგადოების მიერ დადგენილ საწევრო-ანარიცხებს;
     4. დამატებითი წევრები, ანუ (დაწყებითი და საშუალო)  სკოლების მოსწავლეები და სხვადასხვა უნივერსიტეტის  სტუდენტები, რომლებიც წლის გამნავლობაში იხდიან საზოგადოების მიერ დადგენილ საწევრო-ანარიცხებს.

     მუდმივი, ჩვეულებრივი და დამატებითი წევრების საწევრო-გადასახადების ტარიფს ადგენს საზოგადოების გამგეობა. გარკვეულ შემთხვევებში მას უფლება აქვს შეამციროს ზოგიერთი კატეგორიის საწევრო-გადასახადი.

შენიშვნა: ჩვენი კურსების წარჩინებული მსმენელი, რომელიც  2 წლის განმავლობაში რეგულარულად გადაიხდის ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის” საწევროს, დასაჩუქრდება იტალიაში სასწავლებლად ერთთვიანი უფასო სტიპენდიით.

Advertisements